ბლოგი
ბიუჯეტირება და მასთან გამკლავება
სტატიის სათაურში, რა თქმა უნდა, ფორმულირებულია, რომ ბრძოლა საჭიროა არა ბიუჯეტის წინააღმდეგ, არამედ პირიქით, ბრძოლა და გამარჯვება კონკურენციის პირობებში აუცილებელია ბიუჯეტირებასთან ერთად.
დასაწყისისთვის, დავძლიოთ ის კონცეპტუალური დაბნეულობა, რომელიც გარშემორტყმულია სიტყვა ბიუჯეტის (ინგლ.budget=ტომარა) გარშემო, რომლის ისტორიაც ინგლისიდან მომდინარეობს. როდესაც ინგლისის პარლამენტში მთავრობა თემთა პალატისგან თანხებს ითხოვდა, ხაზინის კანცლერი ხსნიდა პორტფელს (ტომარას), რომლშიც სახელმწიფო შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტი იდო, ამ პროცესს ბიუჯეტის გახსნას ეძახდნენ. თანამედროვე გაგებით კი ბიუჯეტი არის ფინანსური გეგმა, რომელიც მიმართულია დროის გარკვეულ მონაკვეთში საწარმოო რესურსების მოძრაობის შესაფასებლად.
ბიუჯეტირება წარმოადგენს საწარმოო რესურსების მოძრაობის დაგეგმვის პროცესს გარკვეული პერიოდისთვის და (ან) პროექტისთვის. ამრიგად, ბიუჯეტირების გაგების გასაღებს წარმოადგენს ის, რომ იგი არის რესურსების გამოყენების დაგეგმვისა და მათი ღირებულების დადგენის პროცესი. რესურსები კი ბიზნესითვის არის:
- ფინანსური აქტივები და ვალდებულებები;
- საწარმოო, საოფისე, სასაწყობო შენობა-ნაგებობები;
- მოწყობილობები, ტრანსპორტი, ხელსაწყოები;
- კვოტები, ნებართვები;
- პერსონალი;
- ნედლეული, მასალები, გადამუშავებადი ნარჩენები, საწვავი, ენერგორესურსები;
- სხვა მატერიალური და არამატერიალური აქტივები.
ბიუჯეტის შედგენა აუცილებელია რადგან:
- კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ბიუჯეტი ზრდის ორგანიზაციის წარმატებით ფუნქციონირების ალბათობას;
- ბიუჯეტი ორგანიზაციისთვის არის დოკუმენტი, რომელიც მის ზოგად მიზნებს დაიყვანს კონკრეტულ, განსაზღვრულ სამოქმედო ნაბიჯებამდე;
- დაგეგმილი და სამუშაოების ჩატარების შედეგად მიღებული ბიუჯეტი ორგანიზაციას აიძულებს რეალისტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, განსაზღვროს პრიორიტეტები და დააკონკრეტოს გადასაჭრელი პრობლემები;
- ბიუჯეტი ხელს უწყობს ორგანიზაციის სხვადასხვა ადმინისტრაციულ რგოლებს შორის კოორდინაციასა და თანამშრომლობას;
- ბიუჯეტისა და რეალური ფინანსური მდგომარეობის პერიოდული შედარება ხელს უწყობს პრობლემის დროულად აღმოჩენის პროცესს და ამარტივებს მისი გადაჭრის გზების ძიებას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე სავსებით ნათელია, რომ ბიუჯეტირება ერთერთი მნიშვნელოვანი პროცესია ბიზნესის წარმატებულად ფუნქციონირებისათვის, მაგრამ სწორი დაგეგმვის და კონტროლის სისტემის გარეშე ბიუჯეტირება აბსოლუტურად უსარგებლო პროცესად შეიძლება გადაიქცეს, უფრო მეტიც, შეიძლება გახდეს ეკონომიკურად მავნე, რადგან იყენებს საწარმოს რესურსებს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები რეალისტურად იქნას დაგეგმილი, რაშიც შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება დაგვეხმარება:
- უნდა შემუშავდეს ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც რეალურად მიგვიყვანს დასახული მიზნების შესრულებამდე.
- ბიუჯეტის შედგენისას დაუშვებელია მხოლოდ წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობა. ასეთი პრაქტიკა ზღუდავს ცვალებადი გარემოს გამოწვევებზე რეაგირებასა და ორგანიზაციის წინსვლის შესაძლებლობას.
- რეკომენდირებულია, რომ ბიუჯეტის შედგენის პროცესში ჩაერთოს ორგანიზაციის ყველა ის ქვედანაყოფი, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების პროცესში უშუალოდ უნდა გახარჯოს გადანაწილებული თანხები.