ბლოგი

ERP სისტემის დანერგვა

სანამ ERP სისტემას დანერგვის ეტაპამდე მიხვალთ, საჭიროა მომზადებული გქონდეთ მიზნები, ბიუჯეტი და საკვანძო საჭიროებები. მათ გარეშე სწორი სისტემის შერჩევა შეუძლებელია.
მას შემდეგ, რაც თქვენთვის შესაფერის სისტემას და ვენდორს იპოვით, იწყება დანერგვის გამოწვევები.
პირველ რიგში, თქვენ უნდა დაგეგმოთ ERP სისტემის დანერგვის ეტაპები და აღსრულებისთვის გადასცეთ სისტემის დანერგვაზე პასუხისმგებელ გუნდს. არსებობს 4 ყველაზე კრიტიკული ეტაპი, რომელიც ერთი შეხედვითაც ცხადია. მანამ სანამ, უშუალოდ დანერგვაზე გადახვალთ, უნდა მოემზადოთ პროექტის ძირითადი ფაზებისთვის:

  • ERP სისტემის დანერგვის განრიგი;
  • მონაცემების გადატანისა და ინტეგრაციის პროცესი;
  • სისტემის მომხმარებლების ტრენინგი;
  • ტესტირებისა და გაშვების დაგეგმვა.

ERP სისტემის დანერგვის განრიგი

დანერვის ყველა ეტაპზე საჭიროა ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის სისტემის მომავალი მომხმარებლები, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები.
ERP სისტემის დანერგვის განრიგის გაწერით, თქვენ ზუსტ წარმოდგენას შეიქმნით პროცესის მიმდინარეობასა და დასრულებაზე. თუკი ERP სისტემის უკვე არსებულ ხელსაწყოებთან ინტეგრაციას აპირებთ, დარწმუნდით, რომ სწორი სისტემა და ვენდორი გყავთ შერჩეული, რომელიც დროში ძალიან არ გაწელავს დანერგვის პროცესს. ხოლო, ახალი ERP სისტემის ძველ სისტემებთან თანხვედრის დადგენა დაგეხმარებათ ბიზნესის შეფერხების რისკის თავიდან აცილებაში.


მონაცემების გადატანისა და ინტეგრაციის პროცესი

მონაცემების გადატანა და სისტემაში ინტეგრაცია საკმაოდ რთული ეტაპია. ავტომატიზებული სისტემა საშუალებას იძლევა მარტივად და უმტკივნეულოდ მოხდეს გადატანა. სანამ ვენდორი ინტეგრაციაში დაგეხმარებათ, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ინფორმაცია არის სწორი და საბოლოო. ბევრი კომპანია სწორედ შეგროვილი მონაცემებით მუშაობს, ამიტომ მათი სიზუსტე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მოცემულ ეტაზე საჭიროა დაიხმაროთ ანალიტიკოსები, რათა:

  • შეამოწმონ და გაასუფთავონ მონაცემები;
  • გადაიყვანონ მონაცემები ახალ ფორმატში;
  • მოახდინონ მონაცემების ტრანსფერი;
  • შეადარონ ძველი და ახალი მონაცემები ერთმანეთს.

სისტემის მომხმარებლების ტრენინგი

თუკი თანამშრომლებმა არ იციან როგორ გამოიყენონ სისტემა, ან ეშინიათ მისი სწავლის, სისტემა აუცილებლად წარუმატებელი იქნება. ცუდი ტრენინგი, სისტემის ცუდად გამოყენების საწინდარია. მომხმარებლები ინტეგრაციის დაწყებიდანვე უნდა იყვნენ პროცესებში ჩართული. სწავლება იწყება სისტემის ბენეფიტების ჩვენებით და სრულდება ტრენინგით, რომელიც ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს თითოეული დეპარტამენტისთვის.
ბევრი ვენდორი კომპანიებს სისტემის ზოგად ტრენინგს სთავაზობს, მაგრამ ყველა ბიზნესი ინდივიდუალურია და ამიტომ, საჭიროა მოითხოვოთ თქვენზე მორგებული ტრენინგები. მისი დაგეგმვისას გაითვალისწინეთ შემდეგი კომპონენტები:

  • მუდამ ხელმისაწვდომი გაკვეთილები (ტექსტური ან ვიდეო კონტენტის სახით);
  • სხვადასხვა ტიპის მიხედვით დიფერენცირებული ვორკშოპები;
  • სისტემის მუდმივი მხარდაჭერა.

ტესტირებისა და გაშვების დაგეგმვა

სანამ გაშვების ღილაკზე დასაჭერად მოემზადებით, საჭიროა სისტემის ტესტირება. შესაძლოა ტესტირებისას გამოვლინდეს ხარვეზები, მაგრამ თუკი რომელიმე მათგანი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მზად უნდა იყოთ გაშვების პროცესის გადასადებად. ნაკლებად მნიშვნელოვანი ხარვეზების მოგვარება, გაშვების შემდეგაც შესაძლებელია.
საჭიროა, რომ ტესტირება ჩატარდეს მაქსიმალური დატვირთვის პირობებში, რათა მომავალში არ შეგექმნათ გაუთვალისწინებელი პრობლემები. მას შემდეგ, რაც თქვენ და თქვენი გუნდი კმაყოფილები დარჩებით ტესტირებით, შეგიძლიათ გაუშვათ სისტემა და დაელოდოთ ჯადოსნურ შედეგებს.
თუკი თქვენი გუნდი ამ ძირითად ეტაპებს წარმატებით გაივლის, თქვენი ბიზნესი მზად იქნება იფუნქციონიროს უფრო ეფექტურად და წარმატებით.